აწყური

აწყური

Friday, January 1, 2016


აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ყოვლადწმიდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.
წმიდა ხატის ისტორია კი ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ რომელ ქალაქში წავიდოდა ქრისტიანობის საქადაგებლად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ივერია (საქართველო) ხვდა წილად, მაგრამ რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა. შემდეგ მოითხოვა ფიცარი, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ზეციურმა დედოფალმა სიწმინდე წმიდა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი მოციქული აკურთხა.

წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ შავი ზღვისპირეთს მიაშურა და შემოვიდა დიდაჭარაში.
აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი ტაძრის ნანგრევები, რომელიც გადმოცემის მიხედვით წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუგია.
წმიდა მოციქულს მრავალი ტანჯვა და განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით, ყველაფერი მადლობით დაითმინა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
იმ ადგილას, სადაც წმიდა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. წმიდა ანდრია პირველწოდებულმა ახლადმოქცეულ ქრისტიანებს დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები, აუშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივად გადასული ასლი დააბრძანა.
ამის შემდეგ უფლის რჩეულმა ფერსათის მთა გადაიარა, სადაც ჯვარი აღმართა. სწორედ ამიტომ ამ მთას „რკინის ჯვარი“ ეწოდება. მოციქული შემდგომ სოფელ აწყურში მივიდა. სოფელ აწყურს ძველად სოსანგეთი ერქვა. ამ პერიოდში ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი გარდაცვლოდა.
ქვრივმა შეიტყო წმიდა ანდრია მოციქულის შესახებ, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა და თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ილოცა და მისი ლოცვით უფალმა ქვრივის გარდაცვლილი ძე მკვდრეთით აღადგინა.
გახარებულმა ქალმა მადლიერებით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა. ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბა, მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც.  
ხალხი ორად გაიყო; ერთი ნაწილი აღიარებდა უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც ასეთი სასწაული აღასრულა, მეორე ნაწილი კი ცრუ ღმერთების ერთგული რჩებოდა.
ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს საკერპოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი ჩაერაზათ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღმერთების მიმართ უნდა ელოცათ. ჩაკეტილ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როდესაც კარი გააღეს ყველამ იხილა საკერპოში დამსხვრეული კერპები, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი კი მზესავით ბრწყინავდა დიდებითა და პატივით. წმიდა ანდრია მოციქულმა აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა. ამის შემდეგ წმიდა მოციქული ახლადმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო, ხოლო წმიდა ხატი ივერიაში (საქართველოში) დაემკვიდრა.
მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. საქართველოს შემოსეულ უსჯულო მტერს ხან ტყვედ მიჰყავდა წმიდა ხატი, ხან გასაძარცვად და ცეცხლში დასაწვავად იმეტებდა. თუმცა ღვთის განგებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დიდებული ხატი მუდამ უვნებელი ბრუნდებოდა საქართველოში.
აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაბრძანებული.